14 სექტემბერს,თელავის ისტორიულ მუზეუმს სამი ფერეიდნელი ქართველი: ისმაილ დავითაშვილი, ომიდ გუგუნაშვილი და შაჰრამ ონიკაძე, ტარიელ ფუტკარაძესთან ერთად, ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ ისინი ირანის ისტორიული ქალაქიდან - ისპაჰანიდან - 31 დღის განმავლობაში ფეხით მოდიოდნენ საქართველოსკენ. მათ 1411 კილომეტრი გამოიარეს და 10 სექტემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი წითელ ხიდთან გადმოკვეთეს.
სტუმრების შემოსვლას ოვაციებით შეეგებნენ მუზეუმის თანამშრომლები. შემდეგ კი მათ მოინახულეს მუზეუმი.
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში კი, ფერეიდნელი ქართველებისადმი პატივისცემამ, ბევრი ადამიანი შეკრიბა, რაც სტუმრებისათვის მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა. მათდამი სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თელაველებმა და არა მარტო მათ. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თელავის, ასევე კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიება დაამშვენა ხალხურმა სიმღერებმა, რომლებიც შეასრულეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
შეხვედრა თბილ და ემოციურ გარემოში წარიმართა.