26 სექტემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით, გვანცა ქეშიკაშვილის წიგნის - ,,ჩემი ხილვები“ - პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართა. წიგნი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა... კითხულობ ამ ,,ხილვებს" და ხედავ ძლიერ ქალს, რომელმაც ნახა კარგიც, ლამაზიც, საშინელიც... დაეცა კიდეც, უფსკრულამდეც მივიდა, ჩაიჩეხა კიდეც მასში, თუმცა წამოდგა, არ ჩამორჩა გზას, პირიქით ,,მე თავად ვარ გზა“ - წერს იგი და შემართებით აგრძელებს სვლას. ამ სიძლიერეში კი ეხმარება მამის სახე, გარდაცვლილი შვილის - ვახოს - ხსოვნა, ,,სადღაც მაღლა, ცის იქით“ მყოფი უფალი.... ასევე, გვანცას სიძლიერე მის სიყვარულშია, გულის სისუფთავეში, სულის სითეთრეში...
მკითხველი უემოციოდ, უცრემლოდ ვერ წაიკითხავს გვანცას ,,ხილვებს“. იმდენად დიდია მისი სურვილები, რომ ხშირად საზღვრებს სცდება. გვანცა ქეშიკაშვილის წარმოდგენილ ხილვებში, მთელი მისი ცხოვრების გზაა მოთხრობილი, ამ რთულ გზაზე კი ფიქრი არ ტოვებს მას... ეს ფიქრები მუდამ სიყვარულს, სიკეთეს, სითბოს, მზეს და უფალს დასტრიალებს... ამ პატარა წიგნში, ამ უცნაურ, ემოციურ ხილვებში იგრძნობა ქალის სათუთი ბუნება, რომელსაც ,,უყვარს, ენატრება, ჭირდება“... ამასთან, წიგნში ჩანს სიძლიერე ქალისა, დედისა, მოქალაქისა, რომელიც ყველანაირ ბოროტ ძალას გმობს. გვანცა თავად სიკვდილსაც კი არაფრად აგდებს, არ უფრთხის და სიცოცხლეზე შეყვარებული ქალი, მაინც მისკენ მიისწრაფვის, რადგან სწამს, რომ იქ ელოდებიან, იქ სჭირდებათ... იქ ხომ ,,მარადიული, ზღაპრული სიყვარული ცხოვრობს“...