5 ოქტომბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში ,,ევროპის მემკვიდრეობის კვირეული“ აღინიშნა, წლევანდელი თემის - ,,ხელოვნება და გართობა“ - შესაბამისად.
თელავის ისტორიული მუზეუმი ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ამ დღისადმი შემუშავებული პროგრამა, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ Andrew Henderson (ინგლისში ევროპის მემკვიდრეობის დღეების კოორდინატორი, ორგანიზაცია ,,National Trust), რომელიც ეწვია საქართველოს ევროპის საბჭოს მისიით, ,,ევროპული მემკვიდრეობის კვირეულის“ ფარგლებში, გამოეგზავნა თელავის ისტორიულ მუზეუმში. სტუმარს თან ახლდა, სალომე ჯამბურია - საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეების კოორდინატორი, კულტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
შეგახსენებთ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომლებიც გაიმართა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით: ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, სახელდახელოდ შექმნეს ნახატები... შემდეგ, გვესტუმრნენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მოზარდები და გაუშვეს ბურთები ევროკავშირის სიმბოლიკით.
დღევანდელი დღე დაამშვენა გამოფენამ, რომელშიც წარმოდგენილია ევროპული ექსპონატები, ნივთები ჩვენი მუზეუმის დახურული კოლექციიდან.
გვინდა, დიდი სიხარულით აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ დღეს, თელავის ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ, საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო კონფერენციის დაფუძნებას. 15.00-ზე გაიხსნა პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ,,ევროპული მემკვიდრეობის დღეებს“. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, ისტორიაზე, ლიტერატურულ პარალელებზე და სხვ.
ღონისძიება დაასრულეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის სამსახურთან არსებულმა ჯაზ-ბენდმა და სპორტული ცეკვის სტუდიამ - ,,New Life”. მადლობა მათ ხელმძღვანელებს... განსაკუთრებული მადლობა კი გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ფიქრია ყუშიტაშვილს ერთგულებისა და თანადგომისთვის!
აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად, თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, გაიმართა ღვინის ფესტივალი ,,თელავინო 2019”.