2023 წლის 29 ოქტომბერს თელავის ისტორიულმა მუზეუმმა უმასპინძლა „ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს“, რომელიც დააარსა უნიჭიერესმა მუსიკოსმა, პიანისტმა, კომპოზიტორმა, ავტორ-შემსრულებელმა, დიდი კომპოზიტორის - ბიძინა კვერნაძის ყოფილმა მოსწავლემ და ამავდროულად - „ქართული მუსიკალური ცენტრის“ დირექტორმა - ნიკა ნიკვაშვილმა.
ფესტივალის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ფესტივალი მოიცავდა 4 ღონისძიებას:
19 ოქტომბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ჩატარდა ვოკალური მისიკის საღამო,სადაც საოპერო ხელოვნების ვარსკვლავმა იანო ალიბეგაშვილმა, სიმებიან ორკესტრთან ერთად (ხელმძღვანელი - ნიკა ნიკვაშვილი) დაუვიწყარი საღამო აჩუქა მსმენელს.
21 ოქტომბერს, ასევე რუსთაველის ეროვნულ თეატრში ჩატარდა საღამო - „ახალი მუსიკა“ სადაც საფრანგეთიდან ჩამოსულ კომპოზიტორებთან ერთად ქართველმა კომპოზიტორებმა და ახალგაზრდა ვოკალისტებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს მსმენელს.
28 -29 ოქტომბერს ფესტივალს უმასპინძლა კახეთის რეგიონმა,მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის, თელავის მერიის ,ნ.სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით.
28 ოქტომბერს ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა საფორტეპიანო მუსიკის საღამო... მსმენელის წინაშე წარსდგა სიმებიანი კვარტეტი და პიანისტი - თედო დიაკონიძე . ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე, ასევე წარსდგა ყველაზე პარატა მონაწილე პიანისტი - დუდა ავალიშვილი. ღონისძიების დასასრულს ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებები შეასრულა პიანისტმა - ნიკა ნიკვაშვილმა.
29 ოქტომბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში მრავალფეროვანი პროგრამით დაიხურა ფესტივალი. ნიკა ნიკვაშვილმა დიდი კომპოზიტორის მუსიკით გახსნა საღამო, რომელიც გაგრძელდა რეჟისორის - ბესიკ კუპრეიშვილის მიერ დაარსებული „თითების თეატრის“ სანახაობით, რომელიც ბიძინა კვერნაძის ოპერა „სერაფიტას“ მიხედვით იქნა დადგმული.
თელავის ისტორიული მუზეუმი დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს“ , მის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს - ნიკა ნიკვაშვილს , ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ,მუზეუმის კულტურულ - შემეცნებით ცხოვრებასა და საქმიანობაში.