2019 წლის 10 აგვისტოს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა არაჩვეულებრივ ახალგაზრდა მხატვარის - მაკა ქვარცხავას Maka Stillwhite's Art გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით -,,მოგონებების ანარეკლი"
მაკა თბილისელი გოგონა გახლავთ. როგორც თავად აღნიშნავს, ხატვამდე იგი გატაცებული იყო მოკლე ესეებისა და ვერლიბრების წერით... შემდგომ კი შთაგონებამ მხატვრობამდე მიიყვანა და მისი სულიერი სამყარო, მისი მწერლური ნიჭი სახვით ხელოვნებაში აისახა...
ხელოვნების სხვადასხვა დარგი ერთმანეთზე მუდმივად ახდენდა გავლენას. პოეზიისა და მხატვრობის ერთმანეთთან დიდ სიახლოვეს, ვრცელი მოხსენება უძღვნეს სხვადასხვა მწერლებმა, მკვლევარებმა... მართლაც, ჩვენი ქართული რეალობა იცნობს ფერწელური ტილოებით შთაგონებულ ლექსებს, ასევე, გვხვდება მაგალითები, როდესაც მხატვარი პოეზიის შთაგონებით ქმნის შედევრს. გავთამამდებით და ვიტყვით, რომ მაკას ნახატებშიც იგრძნობა მწერლობის გავლენა... და არა მხოლოდ ნახატებში, მათ დასათაურებაშიც... აქ ვხვდებით ლევან გოთუას ,,კრწანისის სევდას“, სადაც მამა ლომთათები და მათი ხუტა, ბათათა და უთრუთა ბიჭები სისხლად იცლებიან... მაკას ფერწერულ ტილოებზე ოთარ ჭილაძესაც შეხვდებით, ფოლკნერსაც და ,,ღვთაებასავით ჩაცმულ საქართველოს, რომელსაც ღვთაებასავით ხამი კაბა აცვია“.... ასევე, რაბინდრანათ თაგორიც გვხვდება, რომელიც გვიყვება: ,,მე ვთხოვე ხეს: ,,მომიყევი რაიმე ღმერთზე“ და ხე აყვავდა“.... მაკას ერთ-ერთ ნახატში პოლ ვალერიც იკითხება: ,,ჩიტი რომ ხეზე შემოჯდება, სულს ისე ვითქვამ“... საგამოფენო სივრცე ფერთა მთელი სიმბოლიკითაა აჭრელებული, კანდისკის სიტყვებს მოვიშველიებთ: ,,ფერი ის ძალაა, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას სულზე“... მოკლედ, მაკა ქვარცხავა, როგორც თავად აღნიშნავს, - „ის ბევრია და ხატავს ყველაფერს, რაც შინაგანი სამყაროდან, ფიქრებიდან, წარმოსახვიდან და მოგონებებიდან მოდის.“
მაკას ნამუშევრი წარმატებით იყიდება სხვადასხვა ქვეყნის ონლაინ არტ აუქციონზე... დღეს კი ჩვენი ქალაქის საზოგადოებას, გვერგო პატივი, რეალურად ვიხილოთ მაკას არაჩვეულებრივი ნახატები... და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაკა ქვარცხავა ქველმოქმედი ადამიანია და სოციალურად დაუცველთა სულიერ-მატერიალური დახმარება მისი შემოქმედების თანამდევია.
ღონისძიების დასასრულს , მხატვარმა ორი არაჩვეულებრივი ნამუშევარი გადასცა საჩუქრად მუზეუმს და პრადად მუზეუმის დირექტორს.
დამსწრე საზოგადოებამ დიდი სიამოვნება მიიღო, როგორც მაკას ნახატების ხილვით ,ასევე მისი პიროვნების გაცნობით.
????გამოფენა-გაყიდავა ,,მოგონებების ანარეკლი" გაგრძელდება 20 აგვისტომდე.