23 აპრილს, თელავის ისტორიულ მუზეუმში შესანიშნავი ქალბატონის ქეთევან იაშვილის 141 -ე დაბადების დღე აღინიშნა!
განუზომელია ჩვენი მადლიერება ამ შესანიშნავი ქალბატონის მიმართ, რომელმაც წლების მანძილზე შეგროვილი მხატვრული ტილოების და ანტიკვარული ნივთების კოლექცია (200-ზე მეტი ექსპონატი) , საჩუქრად გადასცა თავის საყვარელ ქალაქს - თელავს და ამით საფუძველი ჩაუყარა მუზეუმშიმისივე სახელობის სამხატვრო გალერეის დაარსებას. ქალბატონმა ქეთევანმა თავისი ქველომქმედებით პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს და საყვარელი ქალაქის წინაშე და ამით საკუთარი სახელი უკვდავყო სამარადჟამოდ.
ქეთევან იაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთავრელიშვილმა და მუზეუმის თანამშრომლებმა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა სადაც წარმოდგენილია ქეთევანი იაშვილის კოლექციიდან ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომელიც ინახება მუზეუმის ხელოვნების ფონდსაცავში.
გამოფენის გახსნის შემდეგ კი ,მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ,,ქეთევან იაშვილი“ ჩვენება , რომელსაც თელავის საჯარო სკოლებისა და თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
გამოფენა გაგრძელდა მიმდინარე წლის 10 მაისამდე, ხოლო დოკუმენტური ფილმის ,,ქეთევან იაშვილი" ჩვენება მსურველთათვის მთელი კვირის მანძილზე იყო შესაძლებელი!