თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერითა და შუამთის დედათა მონასტრის ინიციატივით ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით თელავის ისტორიულ მუზეუმში შუამთის მონასტრის საგანძურის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ქალაქ თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი შუამთის მონასტრის ხატები, საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ხატები და საეკლესიო ნივთები, ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში (საგანძურში) დაცული შუამთის მონასტრისთვის შეწირული შვიდი ექსპონატი: 6 ბეჭედი და ერთი საცეცხლური. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან წარმოდგენილია სამი ხელნაწერი - ტიპიკონი, იოანე ოქროპირის მათეს თავის განმარტებანი და კრებული.
გამოფენის გახსნაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ახალი შუამთის მონასტრის ისტორიას ასახავს.
გამოფენა გაგრძელდება მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.