2019 წლის 12 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ მოიწვია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - მაყვალა მიქელაძე.
პროფესორმა საჯარო ლექციაზე ისაუბრა ზოგადად ენის რაობასა და ფუნქციებზე. ქალბატონი მაყვალა დაწვრილებით ჩაუღრმავდა დედაენის მახასიათებლებს და მის როლს პიროვნებისა და ერის სრულფასოვან რეალიზაციაში. მან აღნიშნა, რომ - ენა გარკვეული თვალსაზრისით გენეტიკური მოვლენაა და ბავშვი წინასწარ არის დაპროგრამებული საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ენაზე ამეტყველდეს. ამრიგად, მშობლიური ენა ისეთი სოციალური მოვლენაა, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები გენეტიკაშიც.
მაყვალა მიქელაძე გრძნობს მშობლიური ენის უპირატესობას მოსწავლის გონებრივი განვითარების საქმეში. პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას გაახსენა იაკობ გოგებაშვილის სიტყვები: ,,ვინც ზედმიწევნით არ სწავლობს თავის ენას, ის ვერასოდეს მიეწევა ჯეროვანს სიღრმეს აზრისას და გრძნობისას და იქნება მეტნაკლებობით ფუქსავატი არსება თუნდაც რომ მთელი დუჟინი უცხო ენა იცოდესო".
დასასრულს, მაყვალა მიქელაძემ ურჩია მოსწავლეებს, რომ იზრუნონ ენის სიწმინდისათვის, მეტყველებიდან განდევნონ მახინჯი ფორმები და დანერგონ სწორი სიტყვა-გამოთქმანი.
ლექციას ესწრებოდნენ - თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები...