თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მხატვრის ჯემალ ხუციშვილის პერსონალური გამოფენა.
გამოფენა მიეძღვნა მხატვრის მეუღლის ხსოვნას და განსაკუთრებულად თბილი და ემოციური გარემო შეიქმნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ბატონი ჯემალის უახლესი ნამუშევრები, ასევე მუზეუმის ფონდში დაცული ტილოები — კახეთის სულით, ფერებითა და სიყვარულით სავსე.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ხელოვნების სიყვარულით გაერთიანებული საზოგადოება.
მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა, მხატვარს გადასცა მადლობის სიგელი მუზეუმის კოლექციის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღვაწლმოსილ მხატვარს, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის აღიარების ნიშნად, ასევე მადლობის სიგელები გადაეცა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის და თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის მხრიდან.
ჯემალ ხუციშვილი — საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თელავის საპატიო მოქალაქე,საქართველოს სამეფო სახლის ერეკლე მეორის სახელობის ორდენის კავალერი, მრავალი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე და ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები შესულია უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის კატალოგებში. სამჯერ გამოიცა მისი ალბომი. მან მხატვრულად გააფორმა რამოდენიმე ლიტერატურული და სასკოლო წიგნი.
დღეისათვის მხატვარს უკვე 14 პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი: ოთხი თბილისში, ხუთი მოსკოვში, სამი თელავში, ერთი ტალინში და ერთი სოფ. მირზაანში. ხოლო პ ა რ ი ზ ი ს თანამედროვე მხატვრების გალერეაში მოწყობილმა მისმა პერსონალურმა გამოფენამ უდიდუსი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. მისი ფერწერული ტილო გამოფენილია მეტროპოლიტენის მუზეუმში. ჯგუფურ გამოფენებსაც ამშვენებდნენ მისი ნამუშევრები: იაპონიაში, აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, აგრეთვე უნგრეთსა და რუმინეთში, პოლონეთში...
თელავის ისტორიული მუზეუმი მადლობას უხდის ბატონ ჯემალს — გამორჩეულ ხელოვანს, რომელმაც მუზეუმს დაუვიწყარი ნამუშევრები და შემოქმედებითი მემკვიდრეობა შეჰმატა.
გამოფენა გაგრძელდება ერთი თვე.
#თელავისისტორიულიმუზეუმი #ჯემალხუციშვილი #გამოფენა #კახეთი #ხელოვნება #ქართულიფერწერა #თელავი