თელავის ისტორიულ მუზეუმში დაიწყო „ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025“!
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ უკვე რამოდენიმე წელია ვუერთდებით ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ ინიციატივას — „ევროპის მემკვიდრეობის დღეებს“, რომელიც დაფუძნდა 1954 წელს და დღეს 50 ქვეყანაში წარმატებით აერთიანებს ღონისძიებებს საერთო ევროპული კულტურული ფასეულობების გარშემო.
მუზეუმისთვის განსაკუთრებით საპატიოა აღვნიშნოთ, რომ 2019 წელს, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების გათვალისწინებით, თელავის ისტორიულ მუზეუმს ევროპის საბჭომ მადლობის სიგელი გადასცა.
2025 წლის თემა გახლავთ — „არქიტექტურული მემკვიდრეობა: ფანჯარა წარსულში, კარი მომავლისაკენ“. არქიტექტურული მემკვიდრეობა გვიყვება ისტორიას, ინახავს ტრადიციებს, ასახავს წინაპართა ცხოვრების წესს და გვიჩვენებს, თუ როგორ გადადის წარსული მომავალში. სწორედ ამ თემის ფარგლებში დღეს გავხსენით გამოფენა „ძველი და ახალი თელავი“, რომელიც ჩვენი ქალაქის არქიტექტურული განვითარების მრავალფეროვან და ცვლილებებით სავსე გზას წარმოგიდგენთ — ვიყურებით წარსულში, რათა უკეთ შევქმნათ მომავალი.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადო ელენე ახვლედიანის სახელობის თელავის სამხატვრო სკოლის დირექტორს მაია ციხისთავს, პედაგოგებსა და ბავშვებს „ძველი და ახალი თელავის“ გამოფენაში მონაწილეობისათვის. თქვენს მიერ შექმნილმა საოცარმა ნამუშევრებმა ჩვენს ექსპოზიციას განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და შემოქმედებითი ენერგია შემატა. თქვენი ხედვა, ფერთა ენით გადმოცემული ისტორია და სიყვარულით შესრულებული სამუშაოები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას აქვს ახალგაზრდების ჩართულობას კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და პოპულარიზაციაში.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი







