თელავის ისტორიულ მუზეუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის გახსნას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, სასულიერო პირები და ადგილობრივ მცხოვრებლები დაესწრნენ.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მუზეუმის ფონდში დაცული XVII-XX საუკუნის ხატწერის უნიკალური ნიმუშები, რომელთა რესტავრაცია განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენა მოეწყო საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში.
სიმბოლურია, რომ სწორედ მისმა უწმინდესობამ მისცა კურთხევა ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო... საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის საუკეთესო საშუალება სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ... იმედი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობა ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს, რაც იქნება საზოგადოების სულიერი გამთლიანებისა და ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის მყარი საფუძველი.“
დღევანდელი ღონისძიებით შევეცადეთ ღირსეულად შეგვესრულებინა მისი უწმინდესობის დანაბარები - რასაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა: ჩვენი ისტორიის, სარწმუნოებისა და სულიერი ფასეულობების ერთად დაცვასა და მათ გადაცემას მომავალ თაობებზე.
გამოფენა გაგრძელდა 21 აპრილის ჩათვლით

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი









