14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და არ დაუშვა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. ეს დღე ქართველი ხალხის ერთობის, ეროვნული თვითშეგნების და მშობლიური ენის დაცვის სიმბოლოდ იქცა.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმის ჰოლში, მუზეუმისა და თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ანბანი, რომელიც მოსწავლეებმა საკუთარი წარმოსახვითა და ინდივიდუალური ხედვით გააფორმეს. ნამუშევრები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შემოქმედებითი მიდგომებითა და ქართული ასოებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით.
დედაენის დღე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის, როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, დაცვა, გაფრთხილება და მომავალ თაობებზე გადაცემა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი



